უშედეგოდ დატოვა ცხინვალი გვიან ღამით ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა. თუმცა ტომას ჰამერბერგი ქალაქში ჩასვლას ხვალ ისევ გეგმავს. დღეს კი შეხვედრები უკვე თბილისში გაიმართება. ევროკომისარი ამბობს, რომ ის ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოში მისი ვიზიტის დასრულებამდე ბავშვები გათავისუფლდნენ. ცხინვალში ყოფნისას ევროპელმა დიპლომატმა დაკავებული მოზარდები პირადად მოინახულა. ჰამარბერგი ედუარდ კოკოითს გუშინ საღამოს მეორედაც შეხვდა. ცხინვალიდან გამოსულ ევროკომისარს ჟურნალისტებთან ერთად 14 წლის გიორგი რომელაშვილის დედაც დახვდა. ჰამარბერგმა მას ვიზიტის დეტალები პირადად გააცნო.
მოგვიანებით სააგენტო `როიტერმა` ჰამარბერგისა და მოზარდების შეხვედრის კადრები გაავრცელა.
რამდენიმე დღის წინ სოფელ კუჭაპანში მომხდარი მკვლელობა გახსნილია.დაკავებულია გიორგი დიასამიძე, რომელმაც საკუთარი თანაკლასელი, ვალერი კანდელაკი ცივი იარაღით მოკლა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ინდივიდუალური მეწარმე ჯავად გუმბათოვი დააკავეს. ასევე დაკავებულია შპს `გალაქსის` დირექტორი, გაყიდვების მენეჯერი და ბუღალტერი.
კონსტიტუციის ახალი პროექტის საყოველთაო საჯარო განხილვა გრძელდება. კომისიის წევრები სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.
რუსეთის ფოსტამ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის სტატუსი აღიარა. ამის შემდეგ მოსკოვიდან ცხინვალში ტელეგრამები საქართველოს გვერდის ავლით, პირდაპირ გაიგზავნება.
შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის არაოფიციალურ ვიზიტს საქართველოში მნიშვნელოვანს უწოდებს ჯონ ბასი. მისი აზრით, ვიზიტი ხაზს უსვამს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს.
საქართველოს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის 24-კაციანი ჯგუფი გერმანიიდან დაბრუნდა. ჯგუფი, რომელშიც პროფესორები და სტუდენტები შედიან, ქალაქ მიუნსტერის უნივერსიტეტში გერმანული ენის კურსის გასავლელად იმყოფებოდა.