170 ქართველი ჯარისკაცი დღეს გამთენიისას ნატოს სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისთვის ავღანეთში გაემგზავრა. სახმელეთო ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედროები პირველ ეტაპზე ქაბულთან ახლოს საფრანგეთის სამხედრო კონტინგენტის შემადგენლობაში იმსახურებენ. სამშვიდობო მისიის შემადგენლობა თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ გააცილა. დამატებით 700-ზე მეტი ჯარისკაცი ავღანეთში საქართველოდან ჩასვლას თებერვალში ისევ აპირებს. ეს დანაყოფი უკვე ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო შემადგენლობაში იქნება.
მახათას მთასთან, ყოფილი `არსენალის` მიმდებარე ტერიტორიაზე `რადიუმ 226`-ით დამუშავებული ნარჩენები აღმოაჩინეს. დასახლება დღეს გარემოს დაცვის მინისტრმა ექსპერტებთან ერთად დაათვალიერა.
ჰააგაში საქართველოს დელეგაცია დღეს მიემგზავრება, რომლის შემადგენლობაშიც არიან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე და იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანი.
რაჭაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა. ძირითადი კერები ლოკალიზებულია, თუმცა ხანძრის საბოლოოდ ჩასაქრობად მაშველები და ვერტმფრენი ისევ მობილიზებულია.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 64-ე სესიაზე საქართველოს მიერ ინიცირებულ რეზოლუციას უყრიან კენჭს, რომელიც აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან ლტოლვილთა და დევნილთა სტატუსის განსაზღვრას ეხება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკელი კონგრესმენების დელეგაციას შეხვდა. შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.