170 ქართველი ჯარისკაცი დღეს გამთენიისას ნატოს სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისთვის ავღანეთში გაემგზავრა. სახმელეთო ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედროები პირველ ეტაპზე ქაბულთან ახლოს საფრანგეთის სამხედრო კონტინგენტის შემადგენლობაში იმსახურებენ. სამშვიდობო მისიის შემადგენლობა თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ გააცილა. დამატებით 700-ზე მეტი ჯარისკაცი ავღანეთში საქართველოდან ჩასვლას თებერვალში ისევ აპირებს. ეს დანაყოფი უკვე ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო შემადგენლობაში იქნება.
ვაზოვანის ტყეში გაჩენილ ხანძარს ვერტმფრენების დახმარებით აქრობენ. ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების სამსახურის 30 თანამშრომელი და კახეთის სახანძრო-სამაშველო სამსახური. მათ მოხალისეებიც ეხმარებიან.
ავღანეთში დაღუპული ქართველი ოფიცერი თბილისში დღეს გადმოასვენეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი ლეიტენანტი, 31-ე ბატალიონის ასეულის მეთაური, მუხრან შუკვანი სამშვიდობო მისიის შესრულების დროს დაიღუპა.
საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის აქტუალური ყველა საკითხი განიხილეს ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებმა დღეს საქართველოში ვიზიტით მყოფი ამერიკელი კონგრესმენების დელეგაციის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე.
ლეიბორისტული პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს ბათუმში გადატანას აპროტესტებს. პარტიის წევრის, გიორგი გუგავას თქმით, პრეზიდენტმა ასეთი გადაწყვეტილება სასამართლოს შესასუსტებლად და უკეთ გასაკონტროლებლად მიიღო.
მოსკოვში კანონიერი ქურდი თეიმურაზ ფაროიანი მეტსახელად `თეკო` დააკავეს. ინფორმაციას რუსული პრესა ავრცელებს, რომელიც ირწმუნება, რომ ფაროიანი თბილისში დაბადებულია, ახლა კი მოსკოვში ცხოვრობს.
ყალბი ატესტატისა და დიპლომის დამზადება-გასაღების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის საჯარო სკოლების 200-მდე მეათეკლასელ მოსწავლეს, რომელთაც წარჩინებით დაამთავრეს საბაზო საფეხური, პერსონალურ კომპიუტერები გადასცა.