170 ქართველი ჯარისკაცი დღეს გამთენიისას ნატოს სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისთვის ავღანეთში გაემგზავრა. სახმელეთო ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედროები პირველ ეტაპზე ქაბულთან ახლოს საფრანგეთის სამხედრო კონტინგენტის შემადგენლობაში იმსახურებენ. სამშვიდობო მისიის შემადგენლობა თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ გააცილა. დამატებით 700-ზე მეტი ჯარისკაცი ავღანეთში საქართველოდან ჩასვლას თებერვალში ისევ აპირებს. ეს დანაყოფი უკვე ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო შემადგენლობაში იქნება.
საგარეჯოში მომხდარი ავტოავარიის შედეგად შვიდი ადამიანია დაშავებული, მათ შორის, ერთი ფეხმძიმე. `ოპელისა` და `ვაზ-21-ის` მარკის ავტომობილები ერთმანეთს დაეჯახა.
მიხეილ სააკაშვილი განმუხურის სანაპირო ზოლს ესტუმრა. პრეზიდენტმა ბულვარი დაათვალიერა, შემდეგ კი დისკოთეკაზეც შევიდა, სადაც მოულოდნელ სტუმარს ახალგაზრდები დახვდნენ.
ძველ ბიჭს არასდროს უნდა მისცე საბაბი იფიქროს, თითქოს მისი გეშინია, ამიტომ რუსეთიც ვერასოდეს იხილავს შეშინებულ საქართველოს, - ასე ფიქრობს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც რუსეთ-საქართველოს დაპირისპირებას ქალაქური უბნის ცხოვრებას ადარებს.
გორის რაიონის სოფელ ვარიანში ჭურვი იპოვეს. ადგილობრივი მკვიდრის, მერაბ ვარდუაშვილის, საკარმიდამო ნაკვეთში ნაპოვნი ჭურვი 500 კილოგრამს იწონის და სამი მეტრის სიგრძისაა.
უმრავლესობა დღეს პრეზიდენტს ანაკლიაში შეხვდა. რამდენიმე დღეში პარლამენტი მუშაობას განაახლებს და მანამდე მმართველმა გუნდმა კონსულტაციები ქვეყნის პირველ პირთან გაიარა.