170 ქართველი ჯარისკაცი დღეს გამთენიისას ნატოს სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისთვის ავღანეთში გაემგზავრა. სახმელეთო ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედროები პირველ ეტაპზე ქაბულთან ახლოს საფრანგეთის სამხედრო კონტინგენტის შემადგენლობაში იმსახურებენ. სამშვიდობო მისიის შემადგენლობა თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ გააცილა. დამატებით 700-ზე მეტი ჯარისკაცი ავღანეთში საქართველოდან ჩასვლას თებერვალში ისევ აპირებს. ეს დანაყოფი უკვე ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო შემადგენლობაში იქნება.
ფინანსთა სამინისტროს ყოფილი შენობა, რომელიც დღეს საპრივატიზაციო აუქციონზე იყო წარმოდგენილი, არ გაიყიდა. დღეს ეკონომიკის სამინისტროში აუქციონის შედეგები დააჯამეს.
ტურიზმისა და კურორტების დეპატრტამენტის გეგმა მაია სიდამონიძემ `ბომონდ გრანდში` წარმოადგინა. პროექტის პრეზენტაცია დღეს 80-მდე ტურისტული კომპანიისა და მედიისათვის გაიმართა.
ისანი-სამგორის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ორგანიზებული ჯგუფის წევრები დააკავეს. დამნაშავეები იარაღის მუქარით ფულის გამოძალვაში არიან მხილებული.
კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა კომპანია `პსო`-ს დირექტორი დააკავეს.
საქართველოს პრემიერ მინისტრი ნიკა გილაური ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ლიტვის პრეზიდენტს დალია გრიბაუსკაიტეს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის ერთობლივი პროექტები განიხილა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს კირილეს აფხაზეთში ქართული ეკლესია-მონასტრების ე.წ. რესტავრაციის პროცესის შესაჩერებლად ზომების მიღების თხოვნით მიმართავს.