170 ქართველი ჯარისკაცი დღეს გამთენიისას ნატოს სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისთვის ავღანეთში გაემგზავრა. სახმელეთო ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედროები პირველ ეტაპზე ქაბულთან ახლოს საფრანგეთის სამხედრო კონტინგენტის შემადგენლობაში იმსახურებენ. სამშვიდობო მისიის შემადგენლობა თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ გააცილა. დამატებით 700-ზე მეტი ჯარისკაცი ავღანეთში საქართველოდან ჩასვლას თებერვალში ისევ აპირებს. ეს დანაყოფი უკვე ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო შემადგენლობაში იქნება.
საქართველოში გაეროს მიერ რეზოლუციის მიღებას დადებითი შეფასებები მოჰყვა. ქართველი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ რეზოლუციის მიღება რუსეთის პოზიციების მნიშვნელოვან შესუსტებაზე მეტყველებს.
ლეიბორისტული პარტია ირწმუნება, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარმა ე.წ. საზღვარი სოფელ ლამისყანისკენ გადმოსწია. ოპოზიციური პარტია რეაგირებისათვის საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს.
საქართველოს სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისთვის სერ გარი ჯონსონს ღირსების ორდენი გადაეცა. ჯონსონი საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით დაჯილდოვდა.
ამბასადორიალის ფარგლებში საქართველოში მყოფმა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას პაეტმა სოფელ ოძისში საგუშაგო პოსტები მოინახულა. იგი ასევე ესაუბრა ადგილობრივ სამართალდამცველებს და გაეცნო არსებულ ვითარებას.